GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 იანვარი, 202610:24

საიამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში დაზარალებულ პირთა ორ საქმეზე კომპენსაციასთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარადგინა.


საქმეები შეეხება 2008 წლის ომის კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის, მათ შორის, კონვენციის 1-ლი (ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება), მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. წარდგენილ პოზიციაში საია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ მომჩივან პირებს, რომლებიც არიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტისას. შესაბამისად, მოთხოვნილია როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება რუსეთის ფედერაციის მხრიდან.


საია განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა დისკრიმინაციული საფუძვლით, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დატყვევებული სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ ეთნიკურად ქართველები/საქართველოს მოქალაქეები.


- ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ (no. 22580/10)


2008 წლის აგვისტოს თვეში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით დააკავეს ქართველი სამხედრო, გიორგი ანწუხელიძე. დაკავების დროს და შემდგომ იგი, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. გიორგი ანწუხელიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, 2008 წლის დეკემბრის თვეში დადგინდა, რომ გიორგი ანწუხელიძეს, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე. მის მიმართ განხორციელებული ქმედების სისასტიკე დასტურდება პირდაპირი ვიდეო-მტკიცებულებებით, თუმცა, ამ დრომდე დამნაშავე პირები არ დასჯილან. საქმეში განმცხადებელი პირები არიან გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და ორი შვილი, რომელთა უფლებები შეილახა მათი ოჯახის წევრის გაუჩინარებითა და შემდგომში განსაკუთრებული სისასტიკით სიკვდილით დასჯის გამო.


- ქართველი სამხედროების მეორე საქმე რუსეთის წინააღმდეგ


2008 წლის აგვისტოს თვეში, ქ. ცხინვალში მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებების დროს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, დააკავეს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში 2008 წლის 19 აგვისტომდე. ამ პერიოდში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ მოქმედებებს რუსეთის კონტროლის ქვეშ და რუსი სამხედრო თუ ეთნიკური წარმოშობის პირების თანდასწრებით, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით,

ქართველი სამხედრო ტყვეები აწამეს და მოეპყრნენ არაადამიანურად და დამამცირებელად. მათ ამ პერიოდში, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით, ორ სამხედრო მოსამსახურეს განსაკუთრებული სისასტიკით მოუსპეს სიცოცხლე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არა მხოლოდ არ დასჯილან, არამედ მათი საქმეები არც გამოძიებულა.


- სამართლიანი კომპენსაციის ვალდებულება რუსეთის ფედერაციის მხრიდან


მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო 2022 წლის მარტში ევროპის საბჭოდან გარიცხეს რუსეთი და 2022 წლის 16 სექტემბრიდან ის კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, 2023 წლის 28 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ იმსჯელა სამართლიანი კომპენსაციის უფლებაზე სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08) და რუსეთს საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ამასთანავე, ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საიამ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის თხოვნითაც მიმართა.


ამ კუთხით, 2024 წლის 26 იანვარს საიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. 


აღსანიშნავია, რომ საიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში 53 საჩივარი წარადგინა, სადაც საია 400-მდე პირის ინტერესებს იცავს. დღეის მდგომარეობით ევროპული სასამართლოს მიერ მოცემულ საჩივრებს მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელწოდება და სარეგისტრაციო ნომერი, ზოგიერთ მათგანზე გამოსულია გადაწყვეტილებაც. საია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 17 წელია აქტიურად იცავს და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას.

სხვა სიახლეები